LINKS პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

2023-09-28

Ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტი  პარტნიორებთან, მონაწილეებთან და დამსაქმებლებთან ერთად შევაჯამეთ.  

LINKS პროექტის ფარგლებში საქართველოს გაეროს ასოციაციისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდების დასაქმებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ერთი მხრივ, უშუალოდ მათთვის შესაბამისი ცოდნის მიცემითა და უნარების განვითარებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ინსტიტუტების გაძლიერებით, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ახალგაზრდებთან და შრომის ბაზართან.  

სამი წლის განმავლობაში, პროექტის სამიზნე რეგიონებში, ცოდნისა და უნარების განვითარების - LINKS - ცენტრებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში ჩართვის შესაძლებლობა 1400-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა:  

  • ცენტრებში დაინერგა კარიერული კონსულტირების სერვისები, რაც 600-ზე მეტ ადამიანს საკუთარი პროფესიული მოგზაურობის დაგეგმვაში დაეხმარა.  

  • 600-მდე მონაწილე ჩაერთო კომპიუტერული უნარების კურსებში; 400-ზე მეტმა ადმიანმა გაიარა ინგლისური ენის კურსი; 800 ახალგაზრდამ კი ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.  

  • დასაქმების პროგრამა 87-მა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 51-მა ან იმავე ორგანიზაციაში, ან, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სხვა სამსახურში განაგრძო მუშაობა. 

  • 15 პროფესიულ სასწავლებელთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეიქმნა დამატებითი საგანმანათლებლო და მეთოდური სახელმძღვანელოები; დაინერგა შესაბამისი საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები.  

  • სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი ტრენინგი 400-მდე ახალგაზრდამ გაიარა, შემდგომ კი, ისინი ჩაერთვნენ სტარტაპზე მორგებულ მენტორინგის პროგრამაში. 

  • პროექტის არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა „მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი“, რომლის ტრადიციაც საქართველოში „პირველი რესპუბლიკის“ დროს არსებობდა და გაგრძელდა „საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ“. საქართველოს მასშტაბით, 90 სოფელსა და დაბაში, ლექციებსა და საჯარო შეხვედრებში, ჯამში, 4800-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ (skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, პროექტი ხორციელდებოდა „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს 4  რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.