ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და საყოველთაობის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილეები დიმელ ქალებს შეხვდნენ 

2023-06-29

„საქართველოს გაეროს ასოციაციამ“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას“ ფარგლებში, 24 ივნისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, სასტუმრო „ლა მარტში“, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთთან“ ერთად, გამართა ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრები შეეხებოდა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს, მათ შორის ვაქცინაციასა და სკრინინგს და მათთან დაკავშირებულ ხელმისაწვდომ პროგრამებსა და სერვისებს საქართველოში. 

შეხვედრებს უძღვებოდნენ „ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და საყოველთაობის ახალგაზრდული პროგრამის“ მონაწილეები, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ღონისძიების ფასილიტატორთა შორის იყვნენ ასევე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეები და ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ წარმომადგენლები. 

სოფელ დიმში შეხვედრების ორგანიზატორს წარმოადგენდა ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „დიმელი ქალები“. შეხვედრები წარიმართა აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო სკრინინგის თემას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ძუძუს კიბოს სკრინინგზე და საქართველოში ხელმისაწვდომ პროგრამებსა და სერვისებზე. ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლის მიზნით, შეხვედრების ამ ნაწილში, როგორც აუდიტორია, ასევე სპიკერთა შემადგენლობა სრულად ქალებით იყო დაკომპლექტებული.  

შეხვედრების მეორე ნაწილი დაეთმო ბავშვთა და მოზრდილთა ვაქცინაციის, მათ შორის „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით“ გათვალისწინებული ვაქცინების შესახებ სოფელი დიმის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას. 

შეხვედრების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო მასალები ვაქცინაციისა და სკრინინგის შესახებ. 

პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას“ მიზანი არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჯანმრთელობის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო სერვისების, ასევე მოქალაქეთა უფლებების შესახებ მართებული ინფორმაციის ფლობა. ვაქცინაციისა და სკრინინგის სერვისებით მოსახლოების მოცვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ვაქცინაციისა და სკრინინგის შესახებ მოსახლეობის ინფორმაციის დეფიციტი და არასწორი ინფორმაციის ფლობა არის სახელმწიფოში ხელმისაწვდომი პროგრამების და სერვისების ათვისების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი. ამ უკანასკნელი პრობლემის არსებობას ეხმიანება აღნიშნული შეხვედრები და მათი შინაარსი. 

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ 1998 წლიდან მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს სექსუალურ და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. შეხვედრების ფარგლებში ასოციაციის ჩართულობა გულისხმობს სოფელი დიმის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას საქართველოში მოქმედი „ეროვნული სკრინინგ პროგრამით“ გათვალისწინებული სერვისების (მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ძუძუს კიბოს სკრინინგი) შესახებ.