ახალგაზრდები ქალთა უფლებებისთვის

2023-06-29

ჩვენმა ახლგაზრდებმა მთელი საქართველო შემოიარეს და ქალთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.

კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებმა შეხვედრები 13 მუნიციპალიტეტის 56 სოფელში გამართეს და 61 შეხვედრით 1500-ზე მეტ მონაწილეს გაუზიარეს ცოდნა. 
პანელურ დისკუსიასთან ერთად, ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადეთ მათი გაწეული საქმისთვის და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. 

„ახალგაზრდები ქალთა უფლებებისთვის” პროექტის მიზანია ქალთა უფლებებისა და მათი საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, მათ შორის ურბანული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების, მაღალმთიანი რეგიონების, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება.

ახალგაზრდებმა რეგიონული შეხვედრების გამართვამდე ექსპერტებთან გაიარეს ტრენინგები ქალთა უფლებების საკითხებზე, ახალგაზრდა მოხალისეები საზოგადოებას ესაუბრებოდნენ თემებზე: 

  • ადამიანის უფლებები
  • ადრეული ქორწინების მიზეზები;
  • ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგები;
  • ოჯახში ძალადობის ფორმები;
  • ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები;
  • საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით:
    • როგორ მოვიქცეთ, თუ გავხდებით ოჯახში ძალადობის ან იძულებითი ქორწინების თვითმხილველი/მოწმე
    • რეფერირების მექანიზმები - ცხელი ხაზი და სახელმწიფო სერვისები
  • ქალების პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები
  • ქალების სამეწარმეო და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები და სერვისები

27 ივნისს გაიმართა საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს კამპანიის შედეგები და შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ პანელურ დისკუსიას ქალის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

„ახალგაზრდები ქალთა უფლებებისთვის” ორგანიზებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ დემოკრატიული მხარდაჭერის პროგრამის (FID) და  ,,ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია შვედეთის გაეროს ასოციაცია.