სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მნიშვნელობის შესწავლა: შეხვედრა ტიმ ბალანდთან

2023-08-17

სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მნიშვნელობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გააზრება მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. 

USAID პროგრამის  „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა მოსამართლე ტიმ ბალანდმა. 

ახალქალაქსა და ახალციხეში ჩატარებული შეხვედრების ძირითადი განხილვის თემა იყო: ამერიკული დემოკრატიის პრინციპები და სამართლებრივი სისტემის მთავარი მახასიათებლები. 

სასამართლო სტრუქტურის განხილვისას, ტიმ ბალანდმა ხაზი გაუსვა სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მნიშვნელობას. მოსამართლემ ასევე განიხილა რამდენიმე სასამართლო საქმე საკუთარი გამოცდილებიდან და ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც მოუწია კარიერის განმავლობაში. ამავდროულად, დიალოგი შეეხო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსაც.

ახალგაზრდული ცენტრის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრაში და ხელი შეუწყვეს დისკუსიის გამართვას. შეხვედრის შედეგად ცენტრის წევრებს უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ ინფორმირებული სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

„შეხვედრა ძალიან ინფორმაციული და, რაც მთავარია, საინტერესო იყო. ვისწავლე და გავიგე განსხვავებები საქართველოსა და ამერიკის სასამართლო სისტემებს შორის. პირადად ჩემთვის გასაოცარი იყო უცხოენოვან გამოცდილი მოსამართლის შეხვედრაზე დასწრება. მან არაერთი ქეისის შესახებ მოგვიყვა, სიტუაციის უკეთ გასაგებად, რაც ძალაინ კარგად გამოუვიდა. მოხარული და მადლიერი ვარ, რომ საშუალება მქონდა შევხვედროდი მოსამრთლე ტიმ ბალანდს და გამეცნო პირადად.“ - ნიკოლოზ ბერიძე, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. 

USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.