საქართველოს გაეროს ასოციაცია ანტიდისკრიმინაციული მექანიზმებისა და ტოლერანტობის მხარდაჭერის შესახებ ეუთოს შეხვედრაში მონაწილეობდა

2023-07-06

საქართველოს გაეროს ასოციაციამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე შეხვედრაში ანტიდისკრიმინაციული მექანიზმებისა და ტოლერანტობის მხარდაჭერის შესახებ აქტიური მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება დისკრიმინაციასთან ბრძოლისას ტოლერანტობის ხელშეწყობასა და დაცვაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადამწყვეტ როლს დაეთმო. ღონისძიება ასევე მიზნად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევის ეფექტურობის შეფასებას და მათი მუშაობისთვის საჭირო სივრცისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზების განხილვას ისახავდა.

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებების პროექტების კოორდინატორი, დენოლა ჩხარტიშვილი, რიგით მესამე SHDM-ს დაესწრო და სესიაში “სამოქალაქო საზოგადოების მიერ ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმებისა მხარდაჭერა კოლაბორაციის, კოალიციებისა და დიალოგის გზით” გამოცდილებები გააზიარა. დენოლამ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ მიღებული ორგანიზაციული სტრატეგიები წარმოადგინა. მან ხაზი გაუსვა მრავალფეროვნების შესახებ განათლებისა და ადვოკატირების სხვა იმ ინიციატივების მნიშვნელობას, რომლებსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორებთან კერძოდ, პლატფორმასთან “არა ფობიას!” და სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, ეუთოს ინსტიტუტებს და სხვა აღმასრულებელ სტრუქტურებს რეკომენდაციები წარუდგინეს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციის ხელშემწყობ საქმიანობაში. საქართველოს გაეროს ასოციაცია ხაზს უსვამს ეუთოს თემატური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების მნიშვნელობას, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

საქართველოს გაეროს ასოციაციის აქტიური ჩართულობა ეუთოს რიგით მესამე ანტიდისკრიმინაციული მექანიზმებისა და ტოლერანტობის მხარდაჭერის შესახებ დამატებით შეხვედრაში ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვისადმი ორგანიზაციის ერთგულებას ადასტურებს. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოს გაეროს ასოციაცია საქართველოში უფრო ინკლუზიური საზოგადოების შექმნისკენ ისწრაფვის და ცდილობს ხელი შეუწყოს გლობალურ ძალისხმევას ადამიანების უფლებების დასაცავად.