ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროგრამის შეჯამება
ახალგაზრდების როლი, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს განვითარების პროცესში, გადამწყვეტია. მათ ასევე უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლიათ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპული არჩევანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.
USAID-ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის საქართველოს გაეროს ასოციაციის ‘ერთიანობა მრავალფეროვნებაშია’ პროგრამის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, 30-მა „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“ 23 მუნიციპალიტეტის 65 სოფელში 90 შეხვედრა გამართა, ჯამში 1700 ადამიანის ჩართულობით. შეხვედრების დროს, ახალგაზრდებმა მათ თანატოლებს და მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ სიკეთეებზე და შედეგებზე, რასაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს, მათ შორის ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სოციალური შესაძლებლობების მიმართულებით.
20 ივნისს, „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“ საინფორმაციო კამპანია შეაჯამეს, თუ როგორი იყო აუდიტორიის მიმღებლობა და ჩართულობა და ყველაზე მეტად რა მითები და სტერეოტიპები არსებობს ევროკავშირთან დაკავშირებით. შეჯამებას წინ უძღოდა პანელური დისკუსია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით.