“სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” საქართველოში მოქმედი შვიდი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციას წარმოადგენს. კოალიცია იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მაკოორდინირებელი ქსელია, რომლებიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ამ მიზნის მისაღწევად «სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” ფართო სპექტრის საქმიანობასა და პროგრამებს ახორციელებს, რითაც ის ღია და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას უზრუნველყოფს. დარწმუნებული იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ მცირე ჯგუფების კუთვნილება არ არის, კოალიცია, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო ინფორმაციის ცენტრს წარმოადგენს. “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” მოწოდებულია მოქალაქეთა შესაძლებლობებისა და მოტივაციის ზრდისაკენ და ამით ხელს უწყობს მათ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში, საზოგადოებრივი რესურსების მშენებლობასა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში დემოკრატიული პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას. სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი აერთიანებს ადგილობრივ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, განსხვავებული და ამავე დროს ურთიერთშემავსებელი უნარ-ჩვევებით ადვოკატირების სფეროში და ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებაში. აგრეთვე ხელს უწყობენ ქვეყნის მაშტაბით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის ჩამოყალიბებას საქართველოში. კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: საქართველოს გაეროს ასოციაცია, ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი “პარტნიორები - საქართველო”, საქართველოს ახალგაზრდა ეკონიომისტების ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. კოალიციის ფორმირება პარტნიორი ორგანიზაციების ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ განაპირობა, რომლის საფუძველშიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხადაჭერით შემუშავდა “სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა” (Citizens Advocate! Program ). აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინტერესების დაცვისა და ეფექტური საქმიანობისათვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ჩვენი მისიაა განათლების, დემოკრატიისა და მოქალაქეობრივი აქტივობის ხელშეწყობით სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ასევე დაინტერესებულ მხარეთა და მათი ბენეფიციარებისათვის თანამედროვე ექსპერტიზისა და პროფესიული მომსახურების უზრუნველყოფა. “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის” უმთავრესი მიზანი ეფექტური, მრავალფეროვანი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი არასამეწარმეო სექტორის შექმნის მხარდაჭერაა. სექტორისა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი დემოკრატიის კულტურის დამკვიდრებას. სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით, კოალიცია აქტიურად უწყობს ხელს ხანგრძლივ ინიციატივებს, სექტორებს შორის თანამშრომლობასა და ახლებური მიდგომების ძიებას. თავის საქმიანობაში “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” ხელმძღვანელობს გამჭვირვალეობის, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებით. ამასთან, კოალიცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორუმს, რაც კონფერენციების, გამოფენების, სოციალური კამპანიების, დებატების, სემინარებისა და ტრეინინგ სესიების ორგანიზებაში გამოიხატება. კოალიცია ასევე გამოსცემს პროფესიულ კველევებს, მეცნიერულ ნაშრომებს, ანალიზსა და ანგარიშებს.
|