კონტროლის პალატასთან შექმნილი თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის ბიურო, მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანო გახდა, რომელიც კორუფციული ქმედებების პრევენციისთვის ახორციელებს მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურეების შემოსავლების კონტროლს, აკონტროლებს დეკლარაციათა შევსების ვადებსა და უზრუნველყოფს მათ დეტალური შევსებას.
ბიუროში ფუნქციონირებს არქივი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასმედიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს დაინტერესების შემთხვევაში გაეცნონ თანამდებობის პირთა ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას.
ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად და შესაძლო დარღვევების აღმოსაფხვრელად, გაეროს ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, 2006 წელს წამოიწყო ახალი ინიციატივა, “პარტნიორობა განვითარებისათვის – თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის ბიუროს რეფორმა”. ინიციატივა ხორციელდებოდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და პრეზიდენტის რეფორმებისა და განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
ინიციატივა მიზნად ისახავდა ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესებას განვითარების შესაბამისი სტრატეგიისა და რეკომენდაციის, აგრეთვე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების გზით, სიახლეებით (სპეციალური პროგრამის და მონაცემთა ბაზის შექმნა) და პრომო მასალების, მათ შორის ვებ გვერდის შექმნით.
აქტივობები
ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა საჯარო მოხელეთა ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის კონცეფციაზე. მომზადდა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის ანალიზი; გაიმართა საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა, მასმედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით; გამოიცა საინფორმაციო პოსტერები და კალენდრები. შეიქმნა-ვებ გვერდი რომელზეც გამოქვეყნდება თანამდებობის პირთა დეკლარაციები.