დემოკრატია და მმართველობა 8.დეკ.2010
2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადისკუსიო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ახალციხის მოსახლეობის ინფორმირება სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურად ჩართვა მიმდინარე რეფორმების პროცესში. იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ ახალციხის მოსახლეობას, მიაწოდეს ინფორმაცია და უპასუხეს სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან, იურიდიულ დახმარებასა და ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებულ შეკითხვებს. საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ”სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა საქართველოში” მონაწილეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო 150 სტუდენტი. პრეზენტაციის განმავლობაში, მათ გააცნეს აუდიტორიას რეფორმების მნიშვნელობა და მიღწეული პროგრესი. პროკურორის პირველი მოადგილე ბ-ნ დავით საყვარელიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავჯდომარე ბ-ნ გიორგი ვაშაკიძე აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, უპასუხეს შეკითხვებს და განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე გააცნეს მოსახლეობას იუსტიციის სახლების მისია და მთავარი კონცეფცია. სადისკუსი შეხვედრის შემდეგ, შეხვედრის ორგანიზატორებმა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნეს საინფორმაციო სტენდი, სადაც განთავსდება კანონმდებლობასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული ყველა სახის პუბლიკაცია. რეგიონალური სადისკუსიო შეხვედრა ახალციხეში გაიმართა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საგასა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
|