დემოკრატია და მმართველობა 26.ნოე.2010
საქართველოს გაეროს ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ”სისხლის სამართლის სისტემის რეფორმები საქართველოში” მეორე ეტაპი განახორციელა. აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე, მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდათ ტრენინგები/სემინარები სამართლებრივ სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. მეორე ეტაპზე კი მათ დაევალათ თავად ჩაეტარებიათ პრეზენტაციები და სემინარები სამართლებრივ სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით მშობლიურ ქალაქებში. პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა ჩაატარეს ტრენინგები, სემინარები, სადისკუსიო და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სტატია აღწერს გორში, გარდაბანში, ახალციხესა და თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებს ოქტომბერ-ნოემბრის განმავლობაში. თბილისი 5 ნოემბერს პროექტის მონაწილეებმა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე ”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი-ინოვაცია ქართულ საკანონმდებლო სივრცეში”. პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ასზე მეტი სტუდენტი დაესწრო. საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და დანიშვნის წესი, აცილებისა და შეუთავსებლობის საფუძვლები; ნაფიც მსაჯულთა უფლებები, მოვალეობები და ვერდიქტის გამოტანის წესები; ნაფიც მსაჯულთა უარის თქმის შედეგები და სანქციები; ნაფიც მსაჯულთა როგორც ანგლო-ამერიკული სამართლის ინსტიტუტის არსებობის მიზანშეწონილობა ქართულ სამართლებრივ სივრცეში. საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ ზემოხსენებულ საკითხებს და შეიძინეს ცოდნა სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ, მათ გამართეს დისკუსია და დააფიქსირეს მოსაზრებები. ახალციხე 9 ნოემბერს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა სადისკუსიო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 18 სტუდენტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლელა გვარამაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტოლერანტი”-ის წარმომადგენელი), მზია ინასარიძე (ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი), ლეილა გოგიშვილი (ადვოკატის თანაშემწე). დისკუსიის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, ტერმინი ”პრობაციონერი”-ს მნიშვნელობა და სააგენტოს სამომავლო გეგმები. მონაწილეებმა გამართეს დისკუსია და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამომავლო გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით. გორი 15 ნოემბერს, პროექტის მონაწილეებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე - სისხლის სამართლის პროცესი “ნაფიცი მსაჯულები” გორის სასწავლო უნივერსიტეტში. ტრეინინგში მონაწილეობას იღებდა 80 სტუდენტი. შეხვედრას დაესწრნენ გორის რეგიონალური პროკურორი - ნიკა დგებუაძე და პროკურორი – დავით ბუკია. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგ საკითხები: ნაფიც მსაჯულთა საქმიანობის ანაზღაურება, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, სისტემის ეფექტურობა, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გასაჩივრება, მოსამართლის როლი ახალ სისტემაში, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა, ნაფიც მსაჯულთა სისტემის დანერგვის ხარჯები. გარდაბანი 25 ნოემბერს პროექტის წარმომადგენლებმა გარდაბანში ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე - ”უფასო იურიდიული დახმარება”. პრეზენტაცია გაიმართა გარდაბნის სამოქალაქო განათლების ცენტრში და მონაწილეობდა 18 სტუდენტი. პრეზენტატორებმა ისაუბრეს საქართველოში იურიდიული დახმარების ბიუროების მუშაობის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები იურიდიული დახმარების ბიუროების მომსახურებასთან დაკავშირებით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და თბილისში გამართული ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებას ნაფიც მსაჯულთა სისტემის, იურიდიული დახმარების ბიუროების და სამართლის სისტემის რეფორმების შესახებ.
|