დემოკრატია და მმართველობა 24.ოქტ.2008
24 ოქტომბერს, ინტერეთნიკური ფესტივალის ფარგლებში, ახალქალაქში, გაიმართება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ერთობლივი პროდუქტის, diversity.ge-ს ვებ-გვერდის პრეზენტაცია. ვებ-გვერდი პირველი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაა საქართველოში, რომელიც მთლიანად ეძღვნება საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და საქართევლოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. ვებ-გვერდის მიზანი იმ საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსებაა, რომელიც საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის პროცესთან, ეთნიკურ უმცირესობებთან და კულტურულ მრავალფეროვნებასთან მიმართებაში არსებობს. ვებ-გვერდს ადმინისტრირებას ერთობლივად გაუწევენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რათა უზრუნველყონ ვებ-გვერდის მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონირება. diversity.ge-ს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში, მიიღონ ინფორმაცია დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე ამ სფეროში, და გაეცნონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურას, ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებას. მომხმარებლები ასევე შესძლებენ შეისწავლონ ამ სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები, და მიიღონ სრული ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე. უმცირესობებთან და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ამგვარი უნივერსალური საინფორმაციო პორტალის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, ვინაიდან აუცილებელია ისეთი ელექტრონული ბაზის არსებობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახის ინფორმაციას ამ სფეროში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესების უკეთ დაგეგმვასა და წარმართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ diversity.ge მაქსიმალურად ღია იქნება საზოგადოებრივი ჩართულობისა და მონაწილეობისათვის. უფრო მეტიც, საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებენ ეთნიკურ უმცირესობებს, საზოგადოებას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს რომელთაც შეხება აქვთ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებთან, და სხვა აქტორებს მონაწილეობა მიიღონ ვებ-გვერდის განახლებაში, და მოგვაწოდონ მათი გამოცემები, ანგარიშები, ანალიტიკური სტატიები, სტატისტიკა, და სხვა სახის ინფორმაცია ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად, და ამგვარად წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდასა და ინტეგრაციის პროცესების უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად წარმართვის ხელშეწყობაში. ვებ-გვერდი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და საქართველოს მოქალაქეებს შორის სამოქალაქო ერთობის გრძნობის გაღრმავებასა და განმტკიცებას.
|