პროგრამის შესახებ:
2011 წლის იანვარში ამოქმედდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა (საგა) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროგრამა “ჩემი უფროსი მეგობარი”. პროგრამა მიზნად ისახავს იმუშაოს ისეთ მოზარდებთან, რომლებიც საჭიროებენ დამატებით პოზიტიურ ზეგავლენას თავიანთ ცხოვრებაში. ეს არის სტრუქტურული (წინასწარ დაგეგმილი) ურთიერთობა მოზარდსა და მის უფროს მეგობარს შორის, რომელიც წარმოიშობა მოხალისეობით საწყისებზე და რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, პიროვნულ მახასიათებლებზე და ხასიათზე. პროგრამის ფარგლებში, თორმეტი თვის მანძილზე უფროს მეგობარსა და არასრულწლოვანს შორის ყალიბდება პოზიტიური ურთიერთობა, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს. პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულის ჩადენის პრევენციას და მოზარდებში გავრცელებული სირთულეების მოგვარებაში ხელშეწყობას. უფროსი მეგობრის მოვალეობაა იყოს მისი მეგობრისთვის მისაბაძი მაგალითი, მოახდინოს არასრულწლოვანზე დადებითი ზეგავლენა, კერძოდ წაახალისოს უკეთესი აკადემიური მოსწრება, კითხვა, სპორტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი., გააღვიოს მათში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყოს მათ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. უფროსი მეგობარი უზრუნველყოფს როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი აქტივობების ორგანიზებას. შერჩევის პროცედურა:
საქართველოს გაეროს ასოციაცია იღებს აპლიკაციას (მიმდინარეობს ვებგვერდის რეკონსტრუქცია) იმ ორგანიზაციისა თუ ოჯახისაგან, რომელიც ახდენს უმცროსი მეგობრის პროგრამაში გადამისამართებას. ნებისმიერ დაწესებულებას ან ოჯახს (მშობელი, კანონიერი მეურვე) აქვს შესაძლებლობა გადაამისამართოს არასრულწლოვანი “ჩემი უფროსი მეგობრის” პროგრამაში, თუ ის თვლის, რომ ეს კონკრეტული არასრულწლოვანი საჭიროებს ასეთი სახის ზეგავლენას.
აპლიკაციის მიღების შემდეგ, პროგრამა დაეკონტაქტება პოტენციური უმცროსი მეგობრის ოჯახს მონაწილეობის ინტერესის ნამდვილობის დასადგენად. არასრულწლოვნის ოჯახის თანხმობის შემთხვევაში ინიშნება გასაუბრების დღე. გასაუბრების შემდეგ, არასრულწლოვანი განთავსდება კანდიდატების სიაში და ელოდება მისთვის შესაფერისი უფროსი მეგობრის შერჩევას.
რაც შეეხება უფროსი მეგობრის შესარჩევ ეტაპს, აქაც იგივე პროცედურაა იმ განსხვავებით რომ აპლიკანტმა დამატებით უნდა წარადგინოს სამი რეკომენდაციის წერილი იმ ადამიანებისგან რომელიც ყველაზე კარგად იცნობენ მის პიროვნებას. ესენი შეიძლება იყვნენ მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები და სხვა. მას შემდეგ რაც პროგრამა განიხილავს აპლიკაციებსა და სამოტივაციო წერილებს, სურვილის მქონდეAმოხალისეებს, როგორც პოტენციურ უფროს მეგობრებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც მოხდება პროგრამის პრეზენტაცია. ნასამართლეობისა და კრიმინალური წარსულის შემოწმების შემდგომ, პროგრამა გასაუბრებას უნიჭნავს პოტენციურ უფროს მეგობარსაც. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ, პროგრამა აფასებს რამდენად შესაფერისია მოცემული კანდიდატურა პროგრამის მიზნებისათვის და ხდება პოტენციური მეგობრის კანდიდატთა სიაში შეყვანა და მისთვის უმცროსი მეგობრის შერჩევა. მას შემდეგ რაც მოხდება უფროსი და უმცროსი მეგობრების შერჩევა, ხდება მათი დამეგობრება. უმცროსი და უფროსი მეგობრის შერჩევა ხორციელდება მათი ინტერესების, ხასიათისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით. დამეგობრების დღეს იდება მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ უფროს და უმცროს მეგობართან ერთად, ამ უკანასკნელის მშობელი და პროგრამის წარმომადგენელი.
პროგრამის მონაწილეები/უფროსი და უმცროსი მეგობარი: პროგრამა ხელს უწყობს მსურველებს ისეთი მეგობრობის დაწყებაში, რომელიც ერთი მხრივ მოზარდზე, რომელიც განიცდის გარკვეულ სირთულეებს თავის ცხოვრებაში, მოახდენს დადებით ზეგავლენას და მეორეს მხრივ შანსს აძლევს უფროს მეგობარს, შეცვალოს თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ.
უფროსი მეგობარი:
უფროსი მეგობარი წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს, დადებით პერსონაჟს. იგი წარმატებულია თავის კარიერაში, არის ფინანსურად დამოუკიდებელი, ხასიათდება დადებითი პიროვნული თვისებებით, აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი (განსაკუთრებით ბავშვებთან), არის მხიარული და პოზიტიური ადამიანი.
უმცროსი მეგობარი:
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ის ბავშვები, რომლებიც ექცევიან 12-დან 17 წლის ასაკის ფარგლებში, განიცდიან სხვადასხვა სახის პრობლემებს და ესაჭიროებათ დამატებითი პოზიტიური ზეგავლენა თავიანთ ცხოვრებაში. პრობლემებში შესაძლებელია იგულისხმებოდეს სკოლაში განვითარებული პრობლემები, სკოლის ხშირი გაცდენები, პრობლემები ოჯახში, მათზე განხორციელებული ოჯახური ძალადობა, დაობლება, მშობლის სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემა, პრობლემები კანონთან, არალეგალურ ნივთიერებათა გამოყენება და სხვა სირთულეები, რომლებმაც შესაძლებელია ნეგატიურად იმოქმედონ არასრულწლოვნის მომავალ ცხოვრებაზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
პროგრამის მნიშვნელოვანი მონაწილეები ასევე არიან:
წყარო, რომელიც ახდენს უმცროსი მეგობრის გადამისამართებას:
ნებისმიერ დაწესებულებას ან ოჯახს (მშობელი, კანონიერი მეურვე) აქვს შესაძლებლობა გადაამისამართოს არასრულწლოვანი “ჩემი უფროსი მეგობრის” პროგრამაში, თუ ის თვლის რომ ამ კონკრეტული არასრულწლოვნის ცხოვრებას დადებითად წაადგება პროგრამაში მონაწილეობა. რადგან მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპზე შეზღუდულია, პროგრამა დაინტერესებულია ისეთი მოზარდების შერჩევით, რომლებიც ნამდვილად და ყველაზე მეტად საჭიროებენ ასეთი სახის ზეგავლენას.
პარტნიორები, დონორები, მოხალისეები:
ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც ნებისმიერი სახით ხელს უწყობენ პროგრამას სრულყოფილად ფუნქციონირებას, ეს იქნება ფულადი შემოწირულობა თუ საკუთარი ბიზნესისა და სერვისის შეთავაზება პროგრამის მიზნების განსახორციელებლად. ადამიანები, რომლებიც პროგრამას ეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაში, ავრცელებენ პროგრამის შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოფენ ახალი მონაწილეების პროგრამაში ჩართვას, ორგანიზებას უწევენ პროგრამულ ღონისძიებებს და სხვა რაიმე მოქმედებით მხარს უჭერენ პროგრამა “ჩემი უფროსი მეგობრის” განხორციელებას და შემდგომ განვითარებას. ასეთი ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების მხარდაჭერა პროგრამისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
|